Tuesday, June 29, 2010

მირზა გელოვანის პოეზიიდან..

თოვლი


თოვლი მოვიდა, ო, არა თეთრი,
სულ სხვანაირი თოვლი მოვიდა.
მგონია, მოხვალ, შენ მოხვალ ერთი
და თოვლის სპეტაკ კუბოს მომიტან.
დამმარხე თოვლში, დამმარხე ქარში,
თორემ მომბეზრდა მიწა ბოროტი.
იჩქარე ვიდრე თოვლივით წავშლი
შენზე ფიქრებს და შენზე მოლოდინს.
წახვედი როდის, ჰბრუნდებუ როდის -
დამწვარი თოვლის მსუბუქი ბოლი,
ჩემკენ, ო, ჩქარა, გზაც აქეთ მოდის -
თოვლი, თოვლი, თოვლი.
მათოვდა წუხელ, ავად ვარ ახლა
და თვალზეც ბინდი ჩამორხეულა.
ამდენი ვნება, ამდენი დაღლა
სად დაიტიოს ჩვილმა სხეულმა.
თოვლი მოსულა. რომელ მხარეში,
სად გიღამდება დღე თოვლნარევი,
დავრჩი მზისა და თოვლის გარეშე,
ამ თოვლზე უფრო ნამტირალევი.
წახვედი როდის, ჰბრუნდები როდის -
დამწვარი თოვლის მსუბუქი ბოლი,
წამოდი ჩემთან, გზაც აქეთ მოდის -
თოვლი, თოვლი, თოვლი.



შენ
მირზა გელოვანი

შენ ნახე, როგორ იწვოდა ზეცა
გაუგონარი, მღვრიე დაწვითა,
შენ გახსოვს, ტყვია მე როგორ ამცდა
და ამხანაგის გულში გაცივდა.
როგორ დაეცა იგი დაჭრილი,
როგორ კაწრავდნენ მიწას თითები
და გაზაფხულის შორი აჩრდილი
როგორ მოჰქონდა დღეს გაფითრებით.
მაგრამ მითხარი, განა გიშველის,
რომ შედრკე ახლა სიკვდილის გამო!
რამდენი ნახე შენ ფეხშიშველი
ბავშვი უსახლო და უდედმამო!
შენ მიდიოდი... გზა იყო სისხლის
და ბავშვის თვალებს უცვლიდა იერს...
სიკვდილისაგან შენ ვერრა გიხსნის,
თვითონ სიკვდილი თუ არა სძლიე.

1942


დაითენთა

ეს საღამოც თითქოს დაითენთა,
ცის დასავალს ღვინო დაიღვარა.
მე მინდოდა შენთვის რაღაც მეთქვა
აღარ გეტყვი,არა,არა,არა.
ხომ უყურებ- მზე კუბოში ჩაწვა,
დაილია სხივთა სიკაშკაშე...
მე მინდა,რომ ეს საღამო დავწვა,
შენ მეხანძრის როლი ითამაშე...
ნუ გაოცებს ცის წითელი ფერი,
დამიჯერე,ღვინო დაიღვარა...
მსურდა შენთვის მეთქვა ყველაფერი
აღარ გეტყვი,არა,არა,არა.

No comments: